დოსტოევსკის- ,,იატაკ ქვეშეთის ჩანაწერები”

დოსტოევსკის- ,,იატაკ ქვეშეთის ჩანაწერები”

ავტორი
Teodora Dvalishvili

Teodora Dvalishvili

შეფასება

0

(0)

408

გაზიარება:

29.09.2025

მოკლე აღწერა

„დოსტოევსკის რომანებში ვერასდროს ვერ იპოვი სავანეს, ვერასოდეს ვერ დასტკბები ნაზი მუსიკალური რიტმით, თავისუფლად, მშვიდად სუნთქვის საშუალებასაც არ მოგვცემს მწერალი — განუწყვეტლივ აქეთ-იქით ეხლები, თითქოს ელექტროდენით იყო დამუხტული, და რაც უფრო შორს მიდიხარ მისი ფურცლების სიღრმეში, მით უფრო ძლიერად გეუფლება ციებ-ცხელება, მოუსვენრობა, ცნობისმოყვარეობა.“ შტეფან ცვაიგი

დოსტოევსკის სხვა ნაწარმოებებთან შედარებით, იატაკქვეშეთის ჩანაწერები” მკითხველში ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ის განცდები, რომელსაც ავტორი პირველ პირში გვიზიარებს 40 წლის უსახელო პერსონაჟის საშუალებით, ვფიქრობ, ყველასთვის ნაცნობი და ახლობელია. ვეთანხმები აღნიშნული თხზულების რეცენზენტის აზრს, რომ ,,ჩვენც გაგვაჩნია საკუთარი იატაკქვეშეთი ყველასაგან დაფარული და დაგმანული...” სწორედ ამ ,,იატაკქვეშეთის” მნიშვნელობასა და გავლენაზე გვესაუბრება ავტორი.

პირველივე გვერდიდან იგრძნობა ნაწარმოების სიმძაფრე, რომ აქ მკითხველი თავშესაფარს ვერ დაიდებს და გარდაუალია 40 წლის პერსონაჟთან ერთად საკუთარ თავთან შეჯახება არ განიცადო. მწერალს, თითქოს არ ჰქონდა ჩაფიქრებული ჩანაწერების გამოქვეყნება და არა ერთხელ აღნიშნა ეს. მას თუ ნამდვილად არ სურდა ეს, ესეს მაგვარი ტექსტი, მკითხველამდე მისულიყო, მაშინ თხუზულებაში გარკვეულ ადგილზე რატომ გვხვდება ისეთი მომენტები, რომლებიც ავტორის ბიოგრაფიას ძალიან უახლოვდება და ასევე, ამბებიც, რომლებიც აშკარად ნაწარმოების შესაკვრელად არის გამოგონილი?!

მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟი, ერთი შეხედვით, საკუთარ ნაკლოვანებებზე საუბრისას შეიძლება ძალიან გულახდილი მოგვეჩვენოს, მაინც გვანიშნებს, რომ ადამიანს გააჩნია ისეთი მოგონებები, რომელთაც საკუთარ თავსაც კი ვერ უმხელს, ამიტომ, იმის ფიქრი, რომ ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს საკუთარ თავთან ჰარმონიის იმ მდგომარეობას, სადაც ბოლომდე გულწრფელი იქნება, ცოტა ილუზორული და აზრს მოკლებული მგონია. ვფიქრობ, ამ იდეის ხორცშესხმაა ,,იატაკქვეშეთის ჩანაწერები”, სადაც მრავლად ვაწყდებით პერსონაჟის ამბივალენტურ განწყობებს, ანტაგონისტურ დამოკიდებულებასა თუ დეპრესიულ ფონს.

ერთის მხრივ, საქმე გვაქვს თანამედროვე, მაღალი ცნობიერების მქონე ინტელექტუალ ადამიანთან და მეორეს მხრივ, გვხვდება ტრაგიკულ ბედთან ბრძოლით დაღლილი პიროვნების პორტრეტი, რომელმაც თავისი ტკივილი დამაბნეველ სიამოვნებად აღიარა. ,,დიახაც, ყველაზე მძაფრი სიამოვნება სწორედ სასოწარკვეთის ჟამს გეუფლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალზე ძლიერად აცნობიერებ, რომ უსაშველო ვითარებაში იმყოფები…” ამ სიტყვებმა, შეუძლებელია, მკითხველში არ გამოიწვიოს პერსონაჟის აზრისგან განსხვავებული პოზიცია, ვინაიდან ერთი შეხედვით ყველამ ვიცით, რომ სასოწარკვეთილება უსიამოვნო განცდასთან ასოცირდება, შესაბამისად, გვიჩნდება კითხვა - როგორ შეიძლება იყოს უსიამოვნო განცდა სიამოვნების მომგვრელი?!

ზ. ფროიდის მიხედვით, დოსტოევსკის პერსონაში სადო-მაზოხისტური ტენდენცია იკვეთება. თუ ამ მოსაზრებას დავუჯერებთ, აუცილებელია, გავაანალიზოთ მწერლის ბავშვობისდროინდელი სქემები და საერთოდ ,,ოიდიპოსის კომპლექსი“, რაც მოითხოვს ავტორის მშობლებთან ურთიერთობის სიღრმისეულ ცოდნას. აქედან გამომდინარე, არც ისე იოლია ისეთი მწერალის ფსიქო-ემოციური პორტრეტის დახატვა, როგორიც ,,დანაშაული და სასჯელის“, ,,ძმები კარამაზოებისა“ და ,,იდიოტის“ ავტორი იყო. ფროიდი იკვლევდა ადამიანში არსებულ სარდაფებს, მაგრამ დაავიწყდა, რომ მეორე სართულიც არსებობს...

დოსტოევსკი რისი დოსტოევსკი იქნებოდა, ეს რომ მხედველობიდან გამორჩენოდა?! „დოსტოევსკი მხოლოდ სალხინებელს აღიარებს, და იცის, რომ გზასაცდენილი ადამიანი უფრო მეტ სულიერ წვას განიცდის და უფრო ახლოსაა ადამიანის ჭეშმარიტ იერსახესთან, ვიდრე ამაყი, ცივი და თავაზიანი პიროვნება, რომლის გულ-მკერდში ჭეშმარიტი ადამიანი ბურჟუაზიულმა კანონიერებამ გააქვავა და გაჰყინა“- ამბობდა ცვაიგი.

თხუზულების მეორე ნაწილში გვხვდება ახალგაზრდა კაცი, რომელიც იმდენად უკმაყოფილო იყო საკუთარი სამსახურით, კონკრეტულად კი კანცელარიაში მუშაობით,რომ ცდილობდა არავისთვის ყოფილიყო შესამჩნევი, ვინაიდან ფიქრი იმის შესახებ, რომ მის მიმართ თანამშრომლები ზიზღით იყვნენ განწყობილნი, ქრონიკულ აკვიატებაში ჰქონდა გადაზრდილი, რაც სავსებით შესაძლებელია მხოლოდ პერსონაჟის წარმოდგენები ყოფილიყო საკუთარ თავზე და არა რეალობაში არსებული რამ. ამ ყველაფერს ემატება მატერიალური სიდუხჭირე და ადამიანებთან ემოციური იზოლაცია, რომელიც სავსებით საკმარისი გამოდგა პესიმისტური განწყობების შესაქმნელად 24 წლის ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაში.

შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს მწერლის ბიოგრაფიიდან დოსტოევსკის აკადემიაში სწავლის პერიოდი, სადაც თანაკლასელებისგან განსხვავებული ინტერესიბითა და ხასიათით გამოირჩეოდა. ერთის მხრივ, მარტოსული, უკონტაქტო და საკუთარ თავში ჩაკეტილი ახალგაზრდა და მეორეს მხრივ, სამართლიანი, კრეატიულად მოაზროვნე, კლასელებისგან პატივცემული მოსწავლე იყო, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ღვთისმოსავობისა და კარჩაკეტილობის გამო ,,ბერი ფოტიუსიც” კი უწოდეს.

ავტორმა ჩვეული ოსტატობით გვითხრა, რომ ადამიანის ფსიქიკა ორმხრივია და არ შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ბნელი ან მხოლოდ ნათელი მხარე, არამედ ისინი ერთმანეთის გვერდით თანაარსებობენ და ჰქმნიან ერთ მთლიან ნაწილს, რომელიც სრულად განსაზღვრავს ადამიანის პიროვნებას, თუ ვინ ვართ ჩვენ საბოლოოდ!

,,იატაქვეშეთის ჩანაწერებში“ განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა კაცის დამხმარის, აპოლონის მიმართ დამოკიდებულებამ მიიქცია, რომელსაც თვეში ხელფასის სახით სულ რაღაც შვიდ რუბლს უხდიდა. რა უნდა დაეშავებინა შუა ხანს მიტანებულ ენაბლუს ღარიბი დამსაქმებელისთვის ისეთი, რომ ახალგაზრდა კაცს დამხმარესთვის შვიდი რუბლის დაგვიანებით გადახდას დიდი სიამოვნება მიენიჭებინა?! ჩვენი გმირი თუ განათლებითა და ახალგაზრდობით აკომპესირებდა მის ფსიქიკაში დანახულ არსებულ სისუსტეებს, ამ მექანიზმის ამუშავება აპოლონს არ სჭირდებოდა! ახალგაზრდა კაცმა ვერ შეძლო ეპატიებია ფეხსაცმლის მწმენდავისთვის ის მედიდურობა, საკუთარი თავის მიმართ უპირობო სიყვარული, თავმოყვარეობა და საკუთარი სივრცის ქონა, რომელიც მას ასე ძალიან სჭირდებოდა, მაგრამ თავად ვერ შეძლო მისი მოპოვება.

ბუნებრივია ბურუსში მოცულ განწყობებთან თანაცხოვრებაც ვერ იქნებოდა გამოსავალი, სხვების მსგავსად, მასაც მოუნდებოდა ერთხელ მაინც ერწმუნა საკუთარი ძალების, დაეჯერებინა საკუთარი თავისთვის და გადაელახა ყველა ბარიერი მასა და კაცობრიობას შორის, რომელმაც ერთ ოთახში შვიდი წელიწადი გამოკეტა. აპოლონი კი ის მაღვიძარა იყო, რომელიც ყოველ ჯერზე კაცობრიობასთან მის კავშირს ახსენებდა, რომელიც საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტილს ასე ძლიერ აშინებდა...

ამერიკელი ფსიქოლოგის როლო მეის თანახმად, არსებობს ეგზისტენციალური დანაშაულის განცდა, რომლის თანახმად ადამიანი თავს დამნაშავედ მიიჩნევს, თუ ის თვითრეალიზაციას ვერ ახდენს. იქნებ ჩვენი პერსონაჟიც ეგზისტენციალური დანაშაულის გრძნობით იტანჯებოდა და ეს იყო წლების მანძილზე მასა და ადამიანებს შორის ხიდჩატეხილობის მთავარი მიზეზი? იქნებ ამიტომაც გამოიკეტა ერთ ოთახში და ამიტომაც ეზიზღებოდა ის თავმომწონე ჯალათი, რომელსაც მაღალი მატერიალური სახსრები არ დასჭირვებია საკუთარი თავის რწმენისთვის! თუმცა ვერც ნევროტული დანაშაულის გრძნობის ასებობას გამოვრიცხავთ პერსონაჟში. ეს ხომ ის გმირია, ვინც ასე შეუფარავად გააშიშვლა თავისი მანკიერი მხარე და დაგვიხატა ყოვლად საზიზღარი ,,იატაკქვეშეთი“!.. განა რამდენს შეუძლია რეალობაში ხმამაღლა ასახოს მასში არსებული სიმახინჯე და თან დაგვარწმუნოს, რომ ამის იქით კიდევ არსებობს რაღაც ისეთი თავზარდამცემი ამბავი, რომელსაც საკუთარ თავსაც კი ვერ გაუმხელს ადამიანი?! მიუხედავად ამდენი გადაშლილი ფურცლისა, ყველა ადამიანის მსგავსად, მასაც სჭირდებოდა საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება, რათა მთლიანად არ ათქვეფილიყო სირცხვილისა და დანაშაულის განცდით გამოტენილ საკუთარ ნაჭუჭში. ვიღაცისთვის უნდა ეშველა, რათა თავად გადარჩენილიყო! და აი, გამოჩნდა 20 წლის მეძავი ქალი - ლიზა, რომელსაც ხელი ჩასჭიდა, საკუთარ თავში ძალები მოიკრიბა და გადაარჩინა, მის უბადრუკ ყოფას კი აზრი შესძინა! მაგრამ ესეც დროებითი გამოდგა, რადგან საკუთარი თავის რწმენისთვის ისევ საკუთარი თავის უარყოფა დასჭირდა...

ჩვენი პერსონაჟი არ იყო მზად გმირობისთვის და არც იმ შედეგებისთვის, რაზეც სიბრძნის ფრქვევისას არ უფიქრია! იგი ისევ ის პატარა ბიჭი იყო ბევრი საფიქრალით, ერთ ოთახიანი ბინის სიღარიბე რომ აშინებდა, სიყვარულს კი ტანჯვის ობიექტად აღიქვამდა და ამაღლებულ სატანჯველს იაფფასიან ბედნიერებას რომ ამჯობინებდა!.. ან გმირი უნდა ყოფილიყო, ან წუმპეში ამოგანგლული. საშუალო მისთვის არ არსებობდა. მისივე თქმით, სწორედ ამან დაღუპა, მაგრამ როდესაც შენ მიდიხარ შენი ცხოველური არაცნობიერის გაცნობიერებისკენ, როდესაც აცნობიერებ მას, მაშინ ის არ აგიჯანყდება! ეს კარგად იცოდა დოსტოევსკის ყველა გმირმა და სიზიფეს მითს მაცხოვრის ჯვრის ტარება ამჯობინეს, რომელსაც ამაღლება - აღდგომა მოჰყვებოდა!

ამერიკელი ფსიქოლოგის ა. მასლოუს მიხედვით, არსებობს მეტა-მოთხოვნილებები, რომელიც არ მთავრდება. ასეთ ადამიანებს აქვთ პიკური განცდები, რომლის დროსაც ადამიანი თავის საზღვრებიდან გადის და გრძნობს, რომ იგი დიდი მთელის ნაწილია.

დოსტოევსკიმ მასლოუმდე იცოდა, რომ ცხოვრებაში არსებობს ისეთი მოსაზღვრე მდგომარეობები, სადაც უბედურება, დიდი სტრესი თუ ტრავმა, ყველა წუთის დაფასებისკენ არის მიმართული, რომლიდანაც ჩვენ ახალი, ძლიერი გამოცდილების მქონე ადამიანებად ვიბადებით!

ვფიქრობ, ,,იატაკქვეშეთის ჩანაწერებმა“ ნიადაგი მოუმზადა ყველა იმ გენიალურ ნაწარმოებებს, რომლის წყალობითაც დოსტოევსკის სახელი უკვდავჰყო მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მკითხველის გონებაში.

მთელი თხუზულება მინიშნებაა ყველა ადამიანის ,,იატაკქვეშეთის“ არსებობისა და მნიშვნელობის დანიშნულებაზე!

თუ მე შემიძლია ჩემი ფსიქიკის დუალობის აღქმა და მიღება, მაშინ ბუნებრივია საშიშროებაც ვეღარ იარსებებს!

წიგნის მთავარი სათქმელია, ვიყოთ ფხიზლად საკუთარი იმპულსების მიმართ. ამით ჩვენი ცნობიერება ფართოვდება და ნელ-ნელა

ჩავდივართ ისეთ შრეებში, სადაც ყველა კითხვაზე ჩვენივე პასუხია. შესაბამისად, პასუხების ძებნა სხვაში ან გარეთ, უადგილო და აზრს მოკლებულია!

დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze